თუ გამოცდების პერიოდში სპორტსმენი შეჯიბრზეა, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება - კანონპროქტი

პუბლიკა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის მოქმედება გავრცელდება აგრეთვე იმ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.

პროექტის განმარტებითი ბარათით, ზემოხსენებული წესით გათვალისწინებული პირობით ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში. პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდას პირობით ჩარიცხული სტუდენტები თავად უზრუნველყოფენ, შემდეგ წელს კი მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

„წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, სულ მიმდინარე პერიოდში სამინისტროში დარეგისტრირებულია 9 განაცხადი, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023-2024 სასწავლო წლისთვის. საგულისხმოა, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი აირჩევს კერძო უნივერსიტეტს, შესაბამისად, სწავლის საფასურის ოდენობით გაიზრდება უნივერსიტეტის შემოსავლები“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

აღნიშნული კანონპროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტზე კანონპროექტი განათლების მინისტრის მოადგილემ წარადგინა:

„საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატში ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებში, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.