„მერიაში მოსწავლეების მიყვანა ჩემი ინიციატივა იყო“ - ეთერ ჯაფარიძე

პუბლიკა

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები „შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია „ათინათი“ ავრცელებს.

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა თოდუა ადასტურებს, რომ მისი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები არიან ბავშვები, რომლებიც ჩანან ვიდეოში, თუ როგორ ასუფთავებენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს.

როგორც „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტი დირექტორზე დაყრდნობით ჰყვება, დირექტორი ნონა თოდუა იხსენებს, რომ მასთან მივიდა, მისი ინფორმაციით, მერიის დასუფთავების თანამშრომელი, ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც დირექტორს უთხრა, რომ სურდა, წაეყვანა ბავშვები ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

„ჩემი ინფორმაციით, ის მერიის დასუფთავების თანამშრომელია. მან მითხრა, რომ არის ერთობლივი პროექტი და ამ პროექტში ჩაერთვებოდა ჩვენი სკოლა, მეორე და მესამე სკოლები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან ნონა თოდუა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იკითხა თუ არა, რა პროექტი იყო, რა უნდა გაეკეთებინათ ბავშვებს, ნონა თოდუა პასუხობს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

რას ამბობს ეთერ ჯაფარიძე 

ეთერ ჯაფარიძის განცხადებით, ის შემცირებაში მოჰყვა და შემცირების შემდეგ სურდა, ბავშვებისთვის მაგალითი მიეცა. მისი თქმით, უნდოდა, ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რომ თუ გაუჭირდებათ, „ასეთი საქმეც არ ითაკილონ“ და ტუალეტის რეცხვა არ არის სასირცხვილო.

„არავის დავალება არ იყო. ჩემი ინიციატივა  იყო. მე მოვყევი შემცირებაში და შემცირების შემდეგ, ჩემი წლების შემდეგ, დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო. ავუხსენი მათ, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება. ვუთხარი, რომ ვიყავი ევროპაში, მათ არ აქვთ ჩვენზე უკეთესი არც კულტურა, არც განათლება, არც არფაერი, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი.

წავედი მე-2 სკოლის დირექტორთან, შევუთანხმდი სკოლის დირექტორს ნონა თოდუას. შემიყვანა მე-7 კლასში. დაველაპარაკე ბავშვებს. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭრდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ. წამოვედით. ეს დავახვედრე გაპრიალებული. მე, ფაქტობრივად, ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე. არ მეთაკილება. დიახ, მე გადავწყვიტე“, – თქვა მან ჟურნალისტებთან.


მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ  სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებაში სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებს, რომ ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას. მერის, დავით გოგუას თქმით, მომხდარს გამართლება არ აქვს და ის მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიების დასრულებას ელოდება.