„თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა. ჟურნალისტმა მან 5-6 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების შესახებ ჰკითხა.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, მე ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ პირველ რიგში უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე, ასევე პოლიციელებზე. ასევე იქ იყო რამდენიმე მოქალაქის თემა.
თქვენ ჩემი თანამდებობის დატოვება/არ დატოვების თემას თუ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მე უნდა დავტოვო თუ არა თანამდებობა, მე და შსს-მ სწორედ ვიმოქმედეთ 5-6 ივლისს თუ არა, აქედან გამომდინარე მოხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ. თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები”, – განაცხადა გომელაურმა.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.
მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.