თუ ხაბეიშვილი ცილისწამებას გააგრძელებს, უფლებებს სასამართლოს წესით დავიცავ - ქარსელაძე

პუბლიკა

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მას დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ბრალდებები წაუყენა. მინისტრი აცხადებს, რომ თუ დეპუტატი ისევ გააგრძელებს, მისი თქმით, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, პატივის და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს.

მინისტრი ქარსელაძე საუბრობს განაცხადზე, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა 27 მაისს პროკურატურაში შეიტანა.

ხაბეიშვილის მტკიცებით, მას აქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, ირაკლი ქარსელაძე 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი იმ კომპანიის დირექტორი იყო, რომელმაც სახელმწიფოსგან განმუხურში 39 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი „ჩალის ფასად“ შეიძინა, სანაცვლოდ კი 10-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებისა და სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო. დეპუტატი ამბობს, რომ კომპანიას აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია, რის შედეგადაც სახელმწიფომ, სავარაუდოდ, 1 300 000 ლარის ზარალი მიიღო.

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, კომპანია „ბლექ სი რივიერას“ 2 266 500 ლარად მიწა ორი პირობით აქვს შეძენილი – 10 მილიონის ინვესტირების და სასტუმრო კომპლექსის აშენების.

მინისტრის თქმით, პირველი პირობა ანუ 10 მილიონის ინვესტირება გადაჭარბებითაა შესრულებული, ინვესტირებულია 13 მილიონი ლარი.

რაც შეეხება სასტუმროს, ის ამბობს, რომ კარკასის 6 სართული აშენებულია, მშენებლობა კი პანდემიამ და გეოლოგიურმა რთულმა პირობებმა შეაფერხა, თუმცა კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად დრო 2024 წლამდე აქვს.