თუ ხელისუფლება ISFED-ს სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება კაპიტულაცია საელჩოს და ენმ-ის წინაშე - დეპუტატები

პუბლიკა

„ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს“,- აღნიშნულია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

„შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში.

პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა.

ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა.“

პარლამენტში 18 აგვისტოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.