ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მობილური აპლიკაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც მუშავდება და რომელმაც ინფიცირებული პირების გადაადგილების შესახებ აპლიკაციის მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მისცეს.
„თქვენ გექნებათ საშუალება, ნახოთ, რომ პირი რომელიც იდენტიფიცირდება როგორც ინფიცირებული, დღის განმავლობაში სად გადაადგილდებოდა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტის ალბათობა. თუ თქვენ დღის განმავლობაში იყავით იმ ადგილას, მაღაზიაში, ან აფთიაქში და ხედავთ, რომ აპლიკაციაში თქვენი მოძრაობის ტრაექტორია გაწითლდა, ეს ნიშნავს რომ პირს, რომელიც მოძრაობდა თქვენს ტრაექტორიაზე, დაუდგინდა კორონავირუსი. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ და გააკეთოთ იდენტიფიცირება, როგორც კონტაქტის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – როგორ აისახება აპლიკაციაში ინფიცირებული პირის გადაადგილების ტრაექტორიაზე ინფორმაცია? – თამარ გაბუნიამ უპასუხა:
„აპლიკაცია, რომელიც მოძრაობის ტრაექტორიას აფიქსირებს, მობილურ ტელეფონში უნდა ჰქონდეს ყველას. ყველამ უნდა დააყენოს ეს აპლიკაცია და თუ მე რაღაც მომენტში დამესვა დიაგნოზი და მოხდა ჩემი იდენტიფიცირება, როგორც კოვიდ დადებითის, ეს ბაზა ყველა სხვა მომხმარებელს აცნობებს და დაანახებს, რომ ერთი კონკრეტული შემთხვევა გარკვეულ არეალში მოძრაობდა. ცოტა რთულია ამის აღწერა ვიზუალის გარეშე, მალე იქნება ეს ვიზუალი და მალე ხელმისაწვდომიც გახდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეკითხვაზე – იქნება თუ არა სავალდებულო ამ აპლიკაციის ჩამოწერა და სჭირდება თუ არა ძლიერი ტექნიკური შესაძლებლობები მობილურს მისი მოხმარებისთვის? – გაბუნიამ უპასუხა, რომ აპლიკაციის მოხმარება სავალდებულო არ იქნება და ეს მომხმარებლის ნებაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, ამ აპლიკაციის შექმნის პროცესში პირადი ინფორმაციის დაცვის ნაწილში კონსულტაციას გადიან შესაბამის სამსახურთან და ის ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობაშია.
გაბუნიას თქმით, მომავალი კვირის ბოლოს აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება.