თუ კრიმინალებს შეიწყალებს, არ უნდა შეწუხდეს, თუ ერი პასუხს მოსთხოვს - წულუკიანი პრეზიდენტზე

პუბლიკა

“პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგ კი ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს”. – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისი თქმით,  – “პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, თითქმის არავითარი ფუნქცია – საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება 100%-ით მის ხელშია. ამიტომ ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს“, – თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით,  პრეზიდენტს  კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია აკისრია. და “მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო”.


„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!” – ეს სტატუსი, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მან გუშინ, 10 ივნისს, გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა.

იგი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სურდა ვიზიტები გაეგრძელებინა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაშიც, თუმცა უარი მიიღო – „რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს არ უნდა გადაჰყვეს.