დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც დღეს ვაკის პარკში დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო – ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცლებს.
„პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დღეს, 13 ოქტომბერს, ჯერ თბილისის მერიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.
ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.
ასევე იხილეთ: რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის ტენდერი მოიგო