„სიყალბე მორალურად და ეთიკურად უნდა იყოს აკრძალული, ის სიყალბე რაც თქვენ გააჟღერეთ, თუ მართლა გინდათ, რომ მიულოცოთ ქართულ მედიას, მაშინ სრულიად არანორმალური და არაკონსტიტუციური რეგულაციები, რომელიც მედიას დაუწესეთ პარლამენტის შენობაში, თქვენ ერთპიროვნულად, მას წავიღებდი უკან, ეს იქნებოდა რეალური მილოცვა, დანარჩენი არის ცარიელი სიტყვები“,- მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პლენარული სხდომის დასაწყისში ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.
„თუ მართლა ზრუნავთ და გაწუხებთ ქართული ჟურნალისტიკის ბედი, მაშინ ისიც უნდა გაწუხებდეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს მოკლული ჟურნლაისტი ლექსო ლაშქარავა. ის რომ არის მოკლული და მოკლული ჟურნალისტების სიაში არის შეტანილი იუნესკოს მიერ, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გააყალბებთ. ამ საქმის რალურ გამოძიებას და ამ საქმის რეალურ საპარლამენტო ზედამხედველობას განავახორცილებდი, თუ ამას არ აკეთებთ დანარჩები არის სიყალბე“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილს სხდომაზე უპასუხა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ნაცვლიშვილის მონოლოგი „სავსე იყო ტყუილებით.“
„მათ შორის, როცა საუბრობთ აკრედიტაციის წესზე, ალბათ ჩემსავით მოუწოდებთ ბუნდესტაგსაც, ევროპარლამენტსაც, დანიის პარლამენტს და სხვა პარლამენტს, რომ არაკონსტიტუციურია. თქვენს დამრიგებლურ ტონს უკვე მიჩვეული ვართ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოც თუ ჩაანაცვლეთ და არაკონსტიტუციურად აცხადებთ ამ ბრძანებას, არ ვიცი…“,- განაცხადა საპასუხოს პაპუაშვილმა.