„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაში ჩართული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო სიებს გაანულებენ, მოლაპარაკებას აზრი დაეკარგება.
„მე მგონია, რომ ჩვენ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს; პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში, არც ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, მათთან რა აზრი აქვს საუბარს, ვისაც არ სურს, გააიგივოს თავი სააკაშვილ-გვარამია-ბოკერია-უგულავასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან, ბუნებრივია, ლაპარაკს აქვს აზრი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ისაა, ვინც არ არის დაკავშირებული მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხეულთან და სწორედ ასეთ პირებს ისურვებდა პარლამენტში.
„სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, უგულავა, ესენი არიან ოდიოზური, პათოლოგიური პოლიტიკოსები და ვინც ამ სახეებთან არ არის დაკავშირებული და ასოცირებული არანაირი ფორმით, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მათი ადგილი არის პარლამენტში.
მაგრამ ვინც არის ამა თუ იმ ფორმით ასოცირებული ასეთ არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისურვებდით, რომ არაჯსაღი პოლიტიკური ძალები არ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში, ხოლო ჯანსაღი პოლიტიკრუი ძალები – იყვნენ“.
დღეს, 10 დეკემბერს, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტსაბჭოს სხდომებზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაანულებენ თავიანთ სიას და ოფიციალურად უარს იტყვიან მანდატებზე. ოპოზიციის საერთო ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა აცხადებს, რომ ბოიკოტის ერთგულია და დამოუკიდებლად გაივლის ყველა საჭირო პროცედურას ამის გასაფორმებლად. ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩს“ ჯერ არ უმსჯელია პროცესის „ვიზუალურ მხარეზე“, თუმცა ისინიც ბოიკოტის ერთგულნი იქნებიან.
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში მანდატებზე დემონსტარციული უარის თქმა ამ პროცესის საბოტაჟია.
დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს „ევროპული საქართველო“. ცნობილია, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩება „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
11 დეკემბერს, 12.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტში პარტიული სიებისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.