თუ მელია გირაოს გადაიხდის, მივმართავთ სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით - პროკურატურა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

„გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა გულუაშვილმა.

მელიას ადვოკატებს სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ გასაჩივრებული ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ეს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.