ქუთაისში ნამახვანჰესზე შეხვედრა მინისტრებმა – ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა განცხადებისა და მედიასთან კომენტარის გაკეთების შემდეგ დატოვეს.
ქუთაისის მერიაში ჰესთან დაკავშირებით მსჯელობა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით უნდა გამართულიყო.
ამ ჟესტს შეურაცხმყოფელს უწოდებს ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე და ამბობს, რომ ხელისუფლებამ სიტყვა გატეხა.
„ჩვენს მხარეს არ სჩვევია სიტყვის გატეხა, ხელისუფლებისგან განსხვავებით და ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო პრეცედენტია იმისა, რამდენჯერ ატყუებს საზოგადოებას და რამდენჯერ გატეხა ჩვენთვის მოცემული სიტყვა, რომელიც საზოგადოების თვალწინ მოგვცა, რომ დიალოგი იქნებოდა ჩვენსა და მინისტრებს შორის. ეს არის შეურაცხყოფის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ამდენ ადამიანს, თითქმის მთელ ერს მოგვაყენა ხელისუფლებამ ამ წუთას“, – აღნიშნა მაკა სულაძემ.
ადგილობრივმა აქტივისტმა მინისტრს მიმართა, თუკი მას ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა, რატომ შეიწუხა თავი ასობით კილომეტრის გასავლელად.
„თუ ქალბატონ ნათია თურნავას უნდოდა ინტერვიუების ჩაწერა ჟურნალისტებთან, რატომ შეიწუხა თავი და რატომ გამოიარა ამდენი კილიმეტრი ქუთაისში ჩამოსასვლელად და თუ იმით იმშვიდებს თავს, რომ აქ რაღაც ტექსტი დაგვიტოვა საწუწნი კანფეტივით… ხელისუფლებას გიცხადებთ, რომ ჩვენ ასეთ კანფეტებს არ ვწუწნით. დამთავრდა. საზოგადოებას მოსწყინდა უკვე ასეთი კანფეტების წუწნა. ჩვენ ერთი კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან -როგორ გაბედეთ და ერთპიროვნულად მიიღეთ გადაწყვეტილება და გაასხვისეთ ქართული მიწები ისე, რომ არც ხეობის მოსახლეობას და არათუ ხეობის მოსახლეობას, მთელ ერს არ ჰკითხეთ – გვჭირდებოდა თუ არა ნამოხვანჰესი, ან ნებისმიერი ჰესი ,მიწის გასხვისების სანაცვლოდ?“, – განაცხადა სულაძემ.