პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველომ ვირუსის შეკავების ფაზა სწორად გაიარა და პრეკრიზისული სცენარი მსუბუქია, მაგრამ, მისივე თქმით, წინ არის კრიზისული ფაზა, რასაც სწორი შეფასება და ადეკვატური ქმედებების დაგეგმვა სჭირდება.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარლამენტმა ჰოსპიტალური სექტორის ზედამხედველობა იკისრა, რადგან კრიზისულ ფაზაში სწორედ ამ სექტორის მზადყოფნას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა.
„გავიარეთ პრაქტიკულად ყველა რეგიონი. დაგვრჩა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი. შევაფასეთ არსებული ვითარება. ჩვენ იქ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგებს, როგორ არის გადამზადებული და დატრენინგებული პერსონალი. გამოგიტყდებით, რომ იყო ხარვეზები“, – განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ხარვეზების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ჯანდაცვის სამინისტრო და იმედი აქვს, პრობლემები მალე მოგვარდება.
პარლამენტის წევრის განცხადებით, უნდა ვეცადოთ, რომ არ იყოს ე.წ. ნახტომისებური ზრდა.
„არსებობს რამდენიმე სცენარი: მიმდინარე ანუ სასურველი სცენარი და უფრო რთული სცენარი. ეს თეორიული სცენარი შესაძლოა, პრაქტიკულად იქცეს, თუ ყველას ერთად არ გვექნება ადეკვატური რეაქცია.
ჩვენ თუ მივიღეთ ნახტომისებური ზრდა, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემას აღმოაჩნდეს არასაკმარისი ძალისხმევა , რესურსი და შესაძლებლობები.
ტალღისებური დარტყმის შემთხვევაში, მოგვიწევს პაციენტების რეფერირება რეგიონებიდან დიდ ქალაქებში, სადაც ისედაც დიდი ტვირთი იქნება, თუ ცუდი სცენარით წავედით. გადმოყვანას სჭირდება რესურსი, მზაობა და პაციენტების ტარება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შესაძლოა, არ იყოს სასურველი”, – აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, თუ არასასურველი სცენარი განვითარდა, შეიძლება შედეგი კატასტროფული იყოს. მან მოუწოდა პარლამენტის წევრებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ჯანდაცვის სისტემის ზედამხედველობასა და მოქალაქეების დახმარების ნაწილში.