„თუ მშენებლობა სააგენტოს ნებართვის გარეშეა, მოვითხოვთ, მიმართოთ პროკურატურას" | მიმართვა სამინისტროს

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული საზოგადოების წევრები, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ალავერდის მონასტერთან სასტუმროს მშენებლობის საკითხზე კულტურის სამინისტროს მიმართავენ და მოითხოვენ, მშენებლობის შესახებ შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გასაჯაროებას. 

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, მოითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ მიმართოს პროკურატურას აღნიშნული საქმის შესწავლის მოთხოვნით. გთავაზობთ განცხადებას:

„ჩვენთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებისთვის, გასული კვირის ბოლოს მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი ალავერდის მონასტრის უშუალო სიახლოვეს დაგეგმილი მშენებლობის დაწყების შესახებ.

აგრეთვე ცნობილია, რომ ჟურნალისტებმა დაუყოვნებლივ მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით, რაც ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა დაგეგმილი მშენებლობის პროექტი და მიღებული აქვს თუ არა მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა, კულტურული მემკვიდრეობის კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

ნებისმერი სახის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სიახლოვეს არეგულირებს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალების დაცვის მოთხოვნებს და ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს.

მედია რეპორტაჟებში და არქიტექტურული კომპანიის ვებგვერდზე ნაჩვენები პროექტის რენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ალავერდის მონასტერი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გარდა არქიტექტურული ძეგლისა, ალაზნის ველის კულტურულ ლანდშაფტთან ერთად ქმნის უნიკალურ ფასეულობას.

ალავერდის ტაძარი ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის იშვიათი ნიმუშია, რაც მას ალაზნის ველთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში კულტურული ლანდშაფტის ძეგლის კატეგორიით მოხვედრის დიდ პოტენციალს უქმნის. ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში 2007 წლიდან ირიცხება.

ალავერდის კათედრალისა და ალაზნის ველის, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლის, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია.

აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე. ასევე, სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, მოვითხოვთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმართოს საქართველოს პროკურატურას აღნიშნული საქმის შესწავლის მოთხოვნით”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერები:

  • მარიამ ლორია
  • სოფო ზვიადაძე
  • ქეთი შავგულიძე
  • ლევან ლოსაბერიძე
  • ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება
  • მანანა თევზაძე
  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • მარინე მიზანდარი
  • საქართველოს ეროვნული ფონდი
  • ანა მარგველაშვილი
  • ნინო ინაიშვილი
  • საზოგადოება „ბათომი“
  • თამარ სიხარულიძე
  • ნანა ბაგალიშვილი
  • „სამოქალაქო ინიციატივა“
  • თამარ ამაშუკელი
  • ნინი ფალავანდიშვილი
  • ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი
  • საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია
  • გიორგი მუმლაძე
  • იურისტი/სამოქალაქო აქტივისტი
  • ანა მიქაუტაძე
  • ლელა ნინოშვილი
  • გიორგი ხიზანიშვილი
  • ნატალია ნებიერიძე
  • დავით მაისურაძე
  • ნანა ციხისთავი
  • ნატო ცინცაბაძე
  • ციცინო ჩაჩხუნაშვილი
  • მარი ქართველიშვილი
  • მანანა სურამელაშვილი
  • ცირა ელისაშვილი
  • მარიამ გურგენიძე
  • შოთა გუჯაბიძე
  • სოფია კილასონია
  • ნინო კორძახია
  • ანა კვიჭიძე
  • ქეთი ლაფაჩი
  •  ქრისტინე მარკოზია
  •  რუსუდან აფციაური
  •  ლაშა მძელური
  • თინათინ მაგრაქველიძე