თუ მთავრობა არ გადადგება, ხვალ 6 საათზე რუსთაველზე ისევ შევიკრიბებით - გვარამია

პუბლიკა

„TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის, ასევე სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომას მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, რუსთაველზე ხვალ 18:00 საათზე საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება.

„ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა ხვალ 12:00 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია. გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სრული შემადგენლობით და ასევე ვითხოვთ, სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომას. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ“, – განაცხადა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ.


დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.