„თუ ნამოხვანში არ გაგვიშვებენ, გუმათშიც გავშლით კარვებს“ - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

„არ ვაპირებთ ძალადობრივ დაპირისპირებას პოლიციასთან – ამას ვემიჯნებით ჩვენ. მაგრამ, თუ არ გაგვატარებენ [ნამოხვანისკენ], მოგვიწევს მაშინ აქ [გუმათში] დავრჩეთ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა და ვიდრე არ გაიხსნება გზა, ვიყოთ აქ და იგივე ფორმატით გავაგრძელოთ პროტესტი, რა ფორმატშიც არიან ნამოხვანში ჩვენი აქტივისტები“, – ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხა.

ამ წუთებში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები და მათი მხარდაჭერები საპროტესტო შეკრებას მართავენ. მოითხოვენ, რომ სოფელ გუმათთან პოლიციის მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნას მათთვის, ვისაც სურს ნამოხვანში ჩავიდეს და შეუერთდეს პროტესტს, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. უკვე მეორე დღეა, რაც პოლიციას გუმათჰესთან გადაკეტილი აქვს გზა.

„გადაადგილების უფლებას არ მოგვცემენ. განმარტება არის, რომ „უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო“. თუმცა, ჩვენი არგუმენტი, რომ აქ ამდენი თვეა ვართ და მოტივი არ გვაქვს, რომ რამე დავაშავოთ ან დავაზიანოთ და მხოლოდ მშვიდობიანად იმართება ხოლმე ჩვენი აქციები, ეს ამ შემთხვევაში არ ჭრის მათთან. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ იქ არ გაგიშვებთ და მორჩა. გადაჭრით აქვთ ეს პასუხი“, – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დააკავეს აქციის 2 მონაწილეც.

გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით“.