თუ ნათია ბერიძეზე დადგება შედეგი, რომ ცრუ დასმენა იყო, თქვენც დასაჭერები გახდებით - მდინარაძე მედიას

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი POSTV-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით დაიწყება გამოძიება, შეიძლება გამოძიება სხვა მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებული ნებისმიერი სიუჟეტის მიმართაც დაიწყონ.

„POSTV-ის ჟურნალისტს აბრალებდნენ ცრუ დასმენას… ეს რომ ასე იყოს, ჟურნალისტს თუ დააბრალებთ ამ შემთხვევაში ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით. აი წარმოიდგინეთ, მაგალითად, ნებისმიერი დაბრალება პოლიტიკოსების მიმართ, შეიძლება, შეფასდეს როგორც ცრუ დასმენა და დაისაჯოს.

ანუ ნათია ბერიძის მიმართ, რომელიც თავად ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო და ეს ინფორმაცია გაახმოვანა, თუ კვალიფიკაცია და შედეგი დადგება, რომ ეს იყო ცრუ დასმენა, ყოველდღე დასაჭერები გახდებით, ეს შეიძლება, ოდნავ უტრირებულად, მაგრამ, რეალურად, ცრუ დასმენის ასე უბრალოდ წამოსროლა, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღო და ეს ცრუ დასმენაა [არ შეიძლება]“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერებში მოსმენილი საუბარი მისთვის მიუღებელია, მაგრამ ის მხარს ვერ დაუჭერს „სასამართლოს გარეშე გასამართლებას“.

„ყველა ქალს ვუჭერ მხარს, ვინც არის რეალური მსხვერპლი. რომელიც განიცდის დევნას, შევიწროებას, ძალადობას, აბსოლუტურად ყველას და არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს.

რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ადამიანების გასამართლების თქვენს მცდელობას, მე ამას არ ვეთანხმები“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.