თუ „ოცნება" 43% ვერ დააგროვებს, EU ზეწოლას მოახდენს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად - კუბილიუსი

პუბლიკა

„თუ „ქართული ოცნება” ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” საუბრისას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს. მისი კომენტარი ტელეკომპანიის თარგმანით ვრცელდება.

„გვსურს ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ „ქართული ოცნება” ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. 2019 წლის შემდეგ, როდესაც მე ვიყავი საქართველოში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოგვეყვანა. ჯერ იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება, შემდეგ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, მაგრამ ორივე შემთხვევაში ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველო ბევრს კარგავს პროევროპულ გზაზე. ეს ქვეყანა ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით”, – განაცხადა კუბილიუსმა „მთავარი არხის” თარგმანის მიხედვით.

კუბილიუსი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება ამ ეტაპზე კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.


28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.