პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ხაზარაძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება შარლ მიშელის შეთანხმების „უხეში დარღვევა“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაა.
ხაზარაძემ სთხოვა ოპოზიციას, გაიზიაროს ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივა. „ლელოს“ ლიდერმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დააჩქარებს, გავიდნენ პარლამენტიდან და დატოვონ მმართველი გუნდი მარტო. ხაზარაძის ინიციატივას შეუერთდა კახა ოქრიაშვილი.
მან გზავნილი გაუგზავნა შარლ მიშელს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, რომ ეს ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია.
„ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ – არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ქვეყანას ყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება და არის პოლიტიზირებული“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„თავს არავის მოგატყუებინებთ! ჩვენი შვილები და მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ“, – თქვა ლელოს ლიდერმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ხაზარაძის საპასუხოდ თქვა, რომ ექნებათ დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
„წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუსხნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას, მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები, პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი“, – ამბობს ვაშაძე.
ხაზარაძის განცხადების შემდეგ სიტყვა მოითხოვა იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს და მისი განცხადებისთვის ტაშის დამკვრელ ოპოზიციონერებს „წარმოდგენა არ აქვთ საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე“.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ადამიანები, პარლამენტის წევრები, რომლებიც ულტიმატუმებით საუბრობენ კოლეგებთან იმაზე, რომ მათ საპარლამენტო საქმიანობას არ განახორციელებენ, ძალიან არასწორი განცხადებაა, რბილად რომ შევაფასოთ“, – თქვა ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებას გააცნო პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.