თუ „ოცნების“ შემოთავაზება იქნება სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია - ხვიჩია

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის შიდა კონსულტაციების დროს ყველამ იცოდა, რომ მათთვიას ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო სრულად პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ბარიერი.

ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯების მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ პირობას დადებს, „გირჩი“ შეეცდება, დაელაპარაკოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს იმაზე, რომ თუ იქნება სათანადო გარანტია ამ პირობის შესრულებსთვის, ბოიკოტი დაითმოს.

„კარგია, რომ დისკუსია დაიწყო ამ თემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დავუშვათ, პლებისციტი.

ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო შემდეგი:  ეს არის სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რაც 20 ივნისის შედეგად იყო მიღებული, ჩვენთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოლაპარაკების პროცესში. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით.

ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობაც“ შევიდეს პარლამენტში, შესაბამისი ხმები რომ დაგროვდეს.

მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მას შემდეგ, რაც ამ პირობას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“, ვეცდებით დაველაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გვექნება სათანადო გარანტიები ამ პირობის შესრულებისთვის, ჩვენი მეგობრების და ფასილიტატორების მეშვეობით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია. საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ერთხელ და სამუდამოდაა მოსაწესრიგებელი ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა.

„ქართულ ოცნებას“ ეს ჯერ არ შემოუთავაზებია. თუ შემოგვთავაზა, მე დავივლი ყველა ჩემს კოლეგასთან, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, სიის მიხედვით ჩამოვურეკავ და პირადად ვთხოვ, რომ პარლამენტში შესასვლელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ პარტიები არ დათანხმდებიან ამ წინადადებას და არ შევლენ პარლამენტში, რას იზამს „გირჩი“, ხვიჩია პასუხობს: „თუ არ შემოვლენ, მაშინ ჩემს იქ შესვლას აზრი არ აქვს“.