„ბევრ საკითხზე შევაჩერეთ პოზიციები და ეს იძლევა, ბუნებრივია, [ოპტიმიზმის საფუძვლებს]“, – განაცხადა მოლაპარაკების IV რაუნდიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მანდატების დათმობა ოპოზიციის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“, რა მექანიზმიც აქვს, იმ მექანიზმს აამოქმედებს.
„ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. დროს დავუტოვებთ იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში.
ანუ არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება, ეს არის. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში.
ნებისმიერ დროს, მომავალში შეეძლებათ მათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რაზეც მიდის საუბარი ელჩების თანდასწრებით. კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის „ბევრ ასპექტში“ აქვთ პროგრესი. პოლიტპატიმრების შესახებ მან თქვა, რომ ეს სამართლებრივი, შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტი საკითხია, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, კობახიძის განცხადებით, ამ არჩევნების არალეგიტიმურობას ოპოზიცია ვერ ამტკიცებს.
„იმედი გვაქვს, პარასკევს ყველა პარტია შეიკრიბება პარლამენტის სხდომაზე“, – თქვა მან.