თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - თალაკვაძე

პუბლიკა

„ჩვენი პირობა არის ძალაში, როდესაც კენჭისყრა მოვა, დაახლოებით ერთ თვეში, დაინახავთ, რომ „ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას 120/30-ზე. როგორიც იყო შეთანხმება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე ისინი ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან.

„ოპოზიცია რას იზამს, ამაზეც შეიძლება სცენარები განვიხილოთ – ოპოზიციასაც აქვს ვალდებულება აღებული, რომ მხარი დაუჭიროს. თუ ოპოზიციის ის ჯგუფი, მხარს არ დაუჭერს [ცვლილებებს], მაღალი ალბათობა არსებობს, რომ ეს ცვლილებები მაინც გავიდეს და ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, ორივე დანაყოფი, ფაქტობრივად, რჩებიან იზოლაციაში, ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა”. გასულია საკონსტიტუციო ცვლილებები  და ეს ორი პარტია რჩება იზოლირებულად, დამოუკიდებლად და რჩებიან მინუსში, სერიოზულ მინუსში და ამაში ისინი ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან არჩევნებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია სპეკულირებს კონკრეტული პირების გათავისუფლების საკითხით. მისი თქმით, ოპოზიციას არ აწყობს, რომ რეფორმა წარმატებით ჩატარდეს, გამომდინარე მათი რეიტინგებიდან.

„ოპოზიციის ეს ჯგუფი, ვისზეც მე მაქვს საუბარი, არჩევნებს გაცვლის ნებისმიერ თემაში, ისინი მოძებნიან ნებისმიერ საბაბს, რომ ეს ცვლილებები ჩააგდონ, თუ ამის საშუალება ექნებათ. რატომ? რეიტინგებში რა ჩანს? რომ ოპოზიციის ეს ჯგუფი მომავალ პარლამენტში იქნება უფრო ნაკლებად წარმოდგენილი, ვიდრე დღეს არიან  და რასაკვირველია, მათ არ აწყობთ, რომ რეფორმა წარმატებით ჩატარდეს, არ აწყობთ ნორმალური არჩევნები”, – აღნიშნა თალაკვაძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.


ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი მონაწილეობისთვის „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლებულიყო.