დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. პარლამენტში ყოფნისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნებით პარტიებს მეტი დრო მიეცემათ განსხვავებების გადასალახავად.
„ვფიქრობ, საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნება, თუ პარტიები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ. გამოკითხვების თანახმად, ქართველი საზოგადოება აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბეა. ქართველების 75%-ზე მეტმა NDI-ის ბოლო გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ პარლამენტარებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხების გადასაჭრელად. იმედია, პარტიები ამას გაითვალისწინებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი ფიქრობს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარების გადაუდებლობამ პარტიებს კომპრომისისა და ერთად მუშაობის დაწყებისკენ უნდა უბიძგოს.
2 თებერვალს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის სიით არჩეული 51 დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.