„კომენდანტის საათი რომ გადავწიოთ 22 საათზე, მაშინ 20 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა, როგორც ტრანსპორტში, ასევე მაღაზიებში. ამიტომ, გამოსავალი უნდა ვეძებოთ ცოტა სხვა ჭრილში და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ კომენდანტის საათი არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს“, – ასე უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით.
„გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას კითხვის პასუხად – კონკრეტულად რა კოეფიციენტი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი? – მინისტრმა უპასუხა, რომ თუკი ქვეყანაში პირბადის მოხმარება 95%-მდე აიწევს, ის თავად დააყენებს საკოორდინაციო საბჭოზე წინადადებას, რომ კომენდანტის საათის მოხსნა რაც შეიძლება მალე შეძლონ.
„ჩვენ კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ დღესდღეობით, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს და აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში მე არ მიყვარს და არ გავაჟღერებ. ერთადერთი, რაც ნამდვილად შემიძლია გავაჟღერო და რაც ვთვლი, რომ არის სრულიად უსაფრთხო ეს არის პირბადე. თუ ჩვენ შევძლებთ და პირბადის მოხმარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს ჩვენ მოგვცემს იმის გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ და კომენდანტის საათი რაც შეიძლება ადრე მოვხსნათ.
თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ბატონო იაგო, და თქვენ ეს გეხერხებათ, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და დაგვეხმარებით ამაში, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში“, – უპასუხა მინისტრმა იაგო ხვიჩიას.