თუ პოლიცია შეგაჩერებთ | რა ცვლილებები იგეგმება კანონში და რა რისკი ჩნდება

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და საიას შეფასებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაუმართლებლად ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას პირის იდენტიფიცირების დროს და აჩენს ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკს.

რა იცვლება კანონპროექტით?

16 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „პოლიციის შესახებ“ კანონში, კერძოდ კი პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის ნაწილში. დაგეგმილი ცვლილებებით, პოლიციელს უფლება ენიჭება, პირის იდენტიფიცირების მიზნით ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებით, თუკი ივარაუდებს, რომ მისი წარდგენილი პირადობის ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მონაცემები არასანდოა. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი აღარ იქნება ვალდებული, განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების თაობაზე ავტომატურად შეადგინოს ოქმი.

რა რისკები შეიქმნება ცვლილებების მიღების შემთხევაში?

ორგანიზაციების შეფასებით: „საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როცა ადამიანები არსებითი დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს. მაგალითად, ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის დროს, ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. აღნიშნული კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოქმედებები ტარდება სამართალდამცავის პირადი მობილური-ტელეფონის საშუალებით, საიდანაც მუდმივად არსებობს მონაცემების გავრცელების ან მათი არასათანადოდ გამოყენების რისკები. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა.

წარმოდგენილი კანონპროექტით კი სამართალდამცავებს უფლება ენიჭებათ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაამუშავონ სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემებიც, თუკი პოლიციელი ვარაუდობს, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები, ანდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები, არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას. კანონპროექტის ამ ჩანაწერების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიკაცია და მისი პირადი მონაცემების დამუშავება ისე, რომ ამისთვის ოქმის შედგენაც არ იქნება სავალდებულო. ამასთან ერთად, კანონი ბუნდოვნად ტოვებს, საჭიროა თუ არა იდენტიფიკაციის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე მოქალაქის ინფორმირება. გარდა ამისა, კანონპროექტი არ აზუსტებს, რა ტიპისა და მოცულობის მონაცემებზე ექნებათ პოლიციელებს წვდომა, ან როგორ იქნება დაზღვეული, რომ ეს უფლებამოსილება პოლიციელმა ისე არ გამოიყენოს, რომ ამის თაობაზე მოქალაქეს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობა სამართალდამცავს ავალდებულებს, პირის იდენტიფიკაციის თაობაზე დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი.

შესაბამისად, დამკვიდრებული საპოლიციო პრაქტიკა, რომლის დროსაც პოლიციელი არ ადგენს იდენტიფიცირების თაობაზე სათანადო ოქმს, არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია ამ საკითხზე სასამართლოშიც დაიცვას საკუთარი უფლებები. დაგეგმილი ცვლილებით კი, თავისი არსით უკანონო და დაუსაბუთებელი საპოლიციო პრაქტიკები კანონის ჩარჩოებში ექცევა და ამ გზით ლეგალური ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა ისე, რომ პოლიციელს ავტომატურად არ წარმოეშობოდეს ამ ღონისძიების დაოქმების ვალდებულება. მოქალაქეს მხოლოდ ის შესაძლებლობა ექნება, რომ ამ შემთხვაში 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს უფლების დაცვის სათანადო გარანტიად, მით უფრო იმ პირობებში, როცა ბუნდოვანია, როგორ აისახება ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში, მათ შორის აისახება თუ არა ბაზაში შეჩერებისა და გადამოწმების მიზეზები, ან საერთოდ რამდენად განემარტებათ მოქალაქეებს ასეთი უფლების შესახებ ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსარ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის ამ სახით მიღება და მანკიერი საპოლიციო პრაქტიკების კანონის ფარგლებში მოქცევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რას ამბობს კანონპროექტის ავტორი – შინაგან საქმეთა სამინისტრო

განმარტებით ბარათში შსს წერს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს პირი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.

მათივე თქმით, არსებული რედაქციის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ დასახელებული მუხლი არ ითვალისწინებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ პირის მიერ ვინაობის დადგენისას წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს აქვს რეალური შესაძლებლობა, გადაამოწმოს პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რითაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს პოლიციის უფლებამოსილება, პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.