თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ ეგ სტატუსი – კალაძე

პუბლიკა

„თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული არმიცემასთან დაკავშირებით სტატუსის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე ევროინტეგრაციის ნაწილში, ნუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ ეგ სტატუსი“, – განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კალაძემ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს და ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რისთვისაც, მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული არმიცემასთან დაკავშირებით სტატუსის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე ევროინტეგრაციის ნაწილში, ნუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ ეგ სტატუსი“, – განაცხადა კალაძემ.

მან გაიმეორა ხელისუფლების კონსპირაციული თეორია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მიუღებელია იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო. მისივე მტკიცებით, ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, მათ შორის, სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანაც.

„ეს არის დადგმული სპექტაკლი, სააკაშვილის შემოტანით საქართველოში და მცდელობა, რისთვის იყო ეს. ძალიან მარტივია ანალიზის გაკეთება – იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება, იმიტომ რომ ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები, იმიტომ რომ არ ერთვება ომში და აკეთებს ყველაფერ იმას, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა მან.

„ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი გადამწყვეტი იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად“, – თქვა მან.