„თუ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება, ეს დიდი შეცდომა იქნება" – დევიდ კრამერი და იან კელი პომპეოს ვიზიტზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება. კრამერი ვრცელ წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაწერილი განრიგით პომპეო შეხვედრას გეგმავს მხოლოდ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საქართველოს პატრიარქთან.

მისი თქმით, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის, რაც დიდი შეცდომაა.

„პომპეო უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრორუსული „პატრიოტთა ალიანსისა“. ის ჩადის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება და ყველა ძირითად პოლიტიკურ აქტორთან არშეხვედრა, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ აშშ და მაიკ პომპეო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარესაა. ამით პომპეო აშშ-ის დისკრედიტაციის რისკს ზრდის საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტში, რომლებსაც „ქართულ ოცნებისთვის“ არ დაუჭერიათ მხარი“, – წერს დევიდ კრამერი.

როგორც კრამერი წერს, ნაკლებ ძალისხმევას შეუძლია, ისედაც აღმოცენების პროცესში მყოფ დემოკრატიას ამ არასტაბილურ რეგიონში, ერთპარტიული მმართველობის ნება მისცეს, რაც ქვეყანას რუსული დიქტატის წინაშე უფრო მოწყვლადს გახდის.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელიც. ის შეცდომას უწოდებს ფაქტს, რომ მაიკლ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.

„პომპეო საქართველოშია – ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა“, – წერს იან კელი ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე შეკითხვაზე, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციასაც შეხვდეს პომპეო, პასუხობს:

„დღის წესრიგი ამერიკის სახელმწიფო მდივნის უკვე გაწერილია. ვიცით ის შეხვედრები, რომელსაც გამართავს მაიკ პომპეო. გვექნება ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის ყველა მიმართულებაზე ლაპარაკი და ეს მოიცავს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკისა და ვაჭრობის მხარდაჭერას, დემოკრატიულ განვითარებას;

ეს საკითხები არის ჩვენი დღის წესრიგი, სადაც საქართველომ უკვე აჩვენა, რომ რეგიონში ის არის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი; აჩვენა მაგალითი იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერამ მოიტანოს ქვეყნის მნიშნელოვანი, ძლიერი განვითარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.


რამდენიმე წუთში თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ჩამოვა. როგორც საქართველოს საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პატრიარქთან.

ასევე, როგორც ცნობილია პომპეოს ხვალ, შუადღისით დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც.