ICC: თუ პუტინი მონღოლეთში ჩავა, ხელისუფლებამ ის უნდა დააკავოს

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სპიკერის, ფადი ელ-აბდალას თქმით, „მონღოლეთის ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებების შესაბამისად უნდა დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მისი ვიზიტის შემთხვევაში”. ამის შესახებ მან BBC-ის განუცხადა.

მისივე თქმით, მონღოლეთს, ისევე როგორც ICC-ის სხვა წევრებს, აქვთ „სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“ და ეს ეხება დაკავების ორდერებსაც, მათ შორის პუტინის წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთს ეწვევა, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია. ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები, არიან შეასრულონ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი პუტინის დაკავების შესახებ.

კრემლმა განაცხადა, რომ მონღოლეთში პუტინს არ დააკავებენ და „არ ნერვიულობენ ამ ვიზიტის გამო”.

მონღოლეთის ხელისუფლებას პუტინის დაკავებისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებაც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მონღოლეთის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.