ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის დამარცხება ნოვატორობას მოითხოვს. მისი თქმით, პუტინს სანქციები და რეზოლუციები ვერაფერს დააკლებს.
„ეს არის კითხვაზე პასუხი – თუ გინდათ პუტინი დაამარცხოთ, ინოვატორები უნდა გახდეთ, ნუ იქნებით მოსაწყენები. კიდევ ერთი რეზოლუციით ან სანქციების ახალი პაკეტით პუტინს ტკივილს ვერ მიაყენებთ. ვერ დაამარცხებთ მას, ნუ იფიქრებთ, რომ ის პრინციპული კაცია, ვისაც მორალი და წესები გააჩნია”, – განაცხადა მან.
პარალელურად, ნავალნაიამ ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ გამოიძიონ პუტინთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები დასავლეთში. მან აქვე გაიმეორა, რომ მისი ქმარი მოკლეს. ნავალნაიას თქმით, ნავალნის მოკვლით პუტინმა აჩვენა, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მასთან მოლაპარაკებები უშედეგოა. ამასთან, ისაუბრა პარასკევს მოსკოვში დაგეგმილ პანაშვიდზე და აღნიშნა, რომ არ იცის, მშვიდობიანად წარიმართება თუ არა პროცესი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.
იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.
რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.