თუ რაღაცა არასწორად იყო გაკეთებული, ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება - გახარია შაქარაშვილის საქმეზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავარია, გამოძიება დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, ამის იქით კი საგამოძიებო უწყებების ან პოლიციის მხრიდან რამე დარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს.

პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს ჩქაროსნული მაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის დათვალიერებისას უპასუხა.

ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას შაქარაშვილის დედის მიმართვაზე ჰკითხეს. განცხადებაში გიორგი შაქარაშვილის დედა წერს, რომ ამ მიმართვის გამოქვეყნება იმით არის განპირობებული, რომ დაღუპულის ოჯახის მიმართ საზოგადოების ნაწილში აგრესიამ „ზღვარს მიაღწია“.

„სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს ოჯახს და საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის.

სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება და ამის მორალურად შეფასება, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამაზე: ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა და მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ გავუფრთხილდეთ მორალურ მდგომარეობას“, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტებმა პრემიერს ასევე ჰკითხეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ეპიზოდზეც. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოგრაფი თბილისში საპატრულო ეკიპაჟმა წამოიყვანა ისე, რომ პატრულს მიმდებარე ტერიტორია, სადაც მანამდე კონფლიქტი მოხდა, არ დაუთვალიერებია. ჟურნალისტებმა გახარიას ასევე ჰკითხეს, მედია ხომ არ უსწრებს გამოძიებას.

„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი. მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები და მე ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ რომ გავუფრთხილდეთ ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.

მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ რაღაცა არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ ხომ პირველი რა უნდა გავაკეთოთ – უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო დამნაშავე.

ამის შემდგომ, თუ იქ რაღაცა არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი“, – განაცხადა პრემიერმა.