თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 1 ივლისისთვის მოიხსნება ყველა შეზღუდვა – კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ამბობს, რომ შეზღუდვები იყო მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა ის კარგი შედეგი, რომელიც აქვს ქვეყანას. მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, ჯერჯერობით, და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 1 ივლისიდან უკვე ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

„არის გაწერილი გეგმა შეზღუდვების მოხსნის, რომელიც საბოლოო ჯამში, წესით, უნდა დასრულდეს 1 ივლისისთვის, შესაბამისად, რჩება დაახლობით 2-თვიანი პერიოდი,  როცა უნდა მოქმედებდეს მთელი რიგი შეზღუდვები. შეზღუდვების შენარჩუნება არის მიზანშეწონილი კი არა აუცილებელიც, რომ არ მივიღოთ გამეორება იმ პრობლემის, რომელიც წარმოიშვა თავიდან. თქვენ ნახეთ, რომ მეზობელ სომხეთში, გარკვეულწილად, მოადუნეს შეზღუდვები და მიიღეს ის შედეგი, რომ მარტო გუშინდელმა შემთხვევებმა შეადგინა 350. ჩვენ არ გვინდა ამ შედეგის მიღება, ამიტომ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება.

იყო არაერთი შეხვედრა საბჭოს ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ექიმები, ეპიდემიოლოგები და საბჭოს ფორმატში განიხილებოდა თითოეული ეს საკითხი. რა თქმა უნდა, შეკითხვები სხვადასხვა მხრიდან ისმოდა. მაგალითად, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელმაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მჯდარიყო წინ დამატებით ერთი მგზავრი. ჩვენ თითოეულ ამ შეკითხვაზე ვიღებდით პრაგმატულ პასუხებს, როგორც ექიმების, ეპიდემიოლოგების, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან. ზუსტად ეს შეზღუდვები, რომელიც დღეს ოპოზიციას ირაციონალურად მიაჩნია, გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ გვაქვს 224 აქტიური შემთხვევა და არ გვაქვს დაუშვათ, 3 500, როგორც ეს არის მეზობელ სომხეთში.

თანდათანობით მოიხსნება შეზღუდვები. 22 მაისიდან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, მათ შორის, არც ავტომანქანში წინ დაჯდომის, თუმცა თანდათანობით უნდა მოიხსნას. ამისათვის წინასწარ შედგენილი გეგმა არსებობს. დაახლოებით  ერთი თვის წინ შედგა მთავრობის მიერ ეს გეგმა. იმედი გვაქვს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ივლისისთვის უკვე საბოლოოდ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, გარდა პირბადისა“, – განაცხადა კობახიძემ.