„თუ ჩვენ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ვეუბნებით, სახლში დარჩნენ, ამით მათ რას ვეუბნებით. მეორე მხრივ, თუ განცხადებაა, რომ სახლში დარჩენა ღვთის გმობაა, მათ ვეუბნებით, რომ თქვენ რისკში ხართ, მაგრამ დაგმეთ ღმერთი და დარჩით სახლში?! ეს ხომ უპასუხისმგებლო განცხადებებია. თუ სახლში დარჩენაზეა საუბარი, მაშინ ეს ყველას ეხება, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ სინოდის წევრმა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა „TV პირველთან“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ სასულიერო პირების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აღდგომას ეკლესიაში არმისვლა ქრისტეს ღალატია, არის უპასუხისმგებლობა.
„მით უმეტეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უცხოეთში მყოფმა ეპარქიებმა მივიღეთ, ჩვენც ხომ უნდა გაგვიფრთხილდნენ. ან იმ ეკლესიებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და მსახურებას ატარებენ მრევლის გარეშე. მსახურება გრძელდება და ეკლესიები არ დაუკეტავს არავის და გათავისება ხდება იმ დიდი საფრთხეების, რის წინაშეც შეიძლება დადგეს თუნდაც ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი მატერიალური, რაც კი რამ არსებობს… მთავარი არის ადამიანი, ადამიანისთვის მოვიდა ქრისტე და დღეს ადამიანის ცხოვრება საფრთხეშია და ამიტომ უნდა გავუფრთხლდეთ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.