თუ რომელიმე კომპანია გადაწყვეტს ამ მიწის ყიდვას, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაყიდის - კალაძე აფრიკის დასახლების შესახებ

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში ის ტერიტორია, რომელზეც დღეს მოქალაქეთა სახლების დემონტაჟი მოხდა, სახელმწიფო საკუთრებაა და დაინტერესების შემთხვევაში შესაძლოა, გაასხვისოს რომელიმე კომპანიაზე.

„ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მიწას გაყიდის“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ინვესტორი, რომელსაც ამ მიწის ყიდვა სურს, კალაძე პასუხობს, რომ „მუნიციპალიტეტში მსგავსი წინადადებები ჯერჯერობით არ შესულა“.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დღეს დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არიან დაკავებულები. თუმცა, სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ასევე, სანაძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო ერთ-ერთი მოქალაქე, ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.