თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, ომბუდსმენის აუგად მოხსენიება ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია - ლომჯარია

პუბლიკა

„თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია …. თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-გვერდზე წერს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, მისივე თქმით ეს არის გაზრდილი მობილობა.

„მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს?

ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები…

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ.

ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!”, – წერს ლომჯარია.


გუშინ ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. ლომჯარიას განცხადება კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.