თუ რომელიმე რეგულაცია არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ, უნდა მიმართონ საკონსტიტუციოს – თალაკვაძე გადაადგილების შეზღუდვაზე

პუბლიკა

„თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს არაკონსტიტუციურია, ამის შეფასების ადგილი არის საკონსტიტუციო სასამართლოში”, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოღებულ წესს. მას შეკითხვა ჟურნალისტებმა ამოქმედებული შეზღუდვების არაკონსტიტუციურობაზე გამოთქმულ შეფასებებზე დაუსვეს.

„თქვენ კარგად გეცოდინებათ, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას ვინ ადგენს, ამას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო და არა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ძალიან ხმამაღლა უყვირის საზოგადოებას და თავად აკეთებს დასკვნებს. თუ მათ იურისტებს ან აქტივისტებს მიაჩნიათ რომელიმე რეგულაცია არაკონსტიტუციურად, უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ის შეაფასებს ამ ყველაფერს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა, ასევე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, შეზღუდვები დაწესებულია კანონის შესაბამისად, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

„უამრავი არასწორი განმარტება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია როგორც საგანგებო, ასევე არასაგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში.

რაც შეეხება ამ ვითარებას, ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ან უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ასე უფრო მძაფრად შეიზღუდოს ადამიანის უფლებები ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შედარებით უფრო რბილად უნდა შეიზღუდოს ადამიანის უფლებები.

ამ შემთხვევაში გამოყენებულია ადამიანის უფლებების შეზღუდვის მაქსიმალურად რბილი ფორმა. ერთადერთი შეზღუდვა რაც დაწესებულია, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 10-დან დილის 5 საათამდე….”, – აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კომენდანტის საათის დაწესებას სჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კობახიძეს მიაჩნია, რომ:

„ამ შემთხვევაში მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდულია ღამის საათებში. თქვენ თუ ჩახედავთ საქართველოს კონსტიტუციას, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”, – განაცხადა კობახიძემ.

GDI, ISFED, HRC და TI ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე). ზემოთაღნიშნული შეზღუდვა თავისი არსით წარმოადგენს სწორედ კომენდანტის საათს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადაადგილების თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა”, – აცხადებენ ორგანიზაციები.