თუ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენას გადაწყვეტს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავენ, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენის განახლებასა და ვიზალიბერალიზაციაზე, აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბების შემთხვევაში. ამის შესახებ მან სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა.