თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ნორდ სტრიმ 2“ არ ამუშავდება - ბაიდენი შოლცთან შეხვედრისას

პუბლიკა

შეერთებულ შტატებში გუშინ ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩავიდა.

წუხელვე ვაშინგტონში ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება გაზსადენის პროექტი „ნორდ სტრიმ 2“ გაჩერდება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – შეთანხმდნენ თუ არა ის და ოლაფ შოლცი, კონკრეტულად რას დაარქმევენ შეჭრას – ბაიდენმა განაცხადა, რომ როგორც კი რუსი ჯარისკაცები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს გაზსადენი პროექტი შეჩერდება.

„როგორც კი რუსული ტანკები ან ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, „ნორდ სტრიმ 2“ აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ“, – თქვა ბაიდენმა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია შეთანხმებულები არიან ერთიან მოქმედებაზე. თუმცა, თავად „ნორდ სტრიმ 2-ის“ პროექტი არ უხსენებია. ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის და ამაზე მოკავშირეები შეთანხმებულები არიან.

ამასთან ოლაფ შოლცს ჰკითხეს, რამდენად იზიარებს კრიტიკას იმის შესახებ, რომ გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ 5 000 ჩაფხუტის გაგზავნით შემოიფარგლა. რაზეც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დახმარებაში, ეკონომიკის გაძლიერების კუთხით.

ჯო ბაიდენმა კი დაამატა, რომ გერმანია აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ძლიერი პარტნიორია მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებასა და გაძლიერებაში.