თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება - კობახიძე

პუბლიკა

„რაც შეეხება ფრენებს, 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე და ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა… თუ ფრენები აღდგება რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს მოქალაქეები –  ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.