„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ფეიქ-რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ მომხრეების მობილიზება მოახდინონ. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს, რა თქმა უნდა, იქნება შეთანხმებული „ოცნებასთან“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ისევე როგორც ნიკა მელია. როგორც გახარიამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებს.
„ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება ეს აჩრდილი, რაღაც, რომლის პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს, თუ დასჭირდებათ, გამოაძრობენ“, – თქვა მან.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე, ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.