პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაამძიმეს. დეპუტატი დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვასაც კი არ გამორიცხავს.
„თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი“, – თქვა „იმედის“ ეთერში რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს Faebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.
„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – წერდა გუშინ სააკაშვილი.