თუ საჭირო გახდა, ბრძოლას სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ – აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირეს.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას: უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს, ბესო დუმბაძესა და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია შაშიკაძეს.

მაია მერკვილაძის თქმით, დირექტორს დაევალა, 24 თებერვლამდე გაუკეთოს მერკვილაძეს  ახალი შეთავაზება. გადაწყვეტილებასაც , მისივე თქმით,  ამ შეთავაზების შემდეგ მიიღებს.

„24 თებერვლამდე დირექტორს დაევალა, რომ გამიკეთოს შეთავაზება. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ფუნქციური დატვირთვა მექნება, რა პერსპექტივა შეიქმნება ამ თანამდებობით ჩემთვის და მაუწყებლისთვის. თუ ეს იქნება მიუღებელი, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას. შევეცდები, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენო, რათა ბოლომდე გამოჩნდეს, რისი მიღწევა სურთ“, – განუცხადა მაია მერკვილაძემ  „პუბლიკას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს: სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ, გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ.

აჭარის მაუწყებლის ბორდის სხდომა დღეს, დილით აქციების ფონზე დაიწყო. სხდომის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს უცხადებდა სოლიდარობას, მეორე ნაწილს კი, რომელსაც, აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები შეადგენდნენ, აჭარის ტელევიზიის მიმართ ჰქონდათ პრეტენზიები.
————————————

საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ეთანხმება დირექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტს, საშტატო განრიგში ცვლილებების შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით, დირექტორს სურს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები არიან.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მიაჩნიათ, რომ დირექტორის გეგმები ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა მხარდასაჭერად ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს არაერთ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართა.