თუ საჭირო გახდება, ბელარუსში ბირთვულ იარაღსაც განვათავსებთ - ლუკაშენკა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, თუკი დასავლეთში გააგრძელებენ „აბსურდული“ ნაბიჯების გადადგმას, მაშინ ის ქვეყანაში ბირთვულ იარაღს განათავსებს.

„თუ ჩვენი მოწინააღმდეგეები გააგრძელებენ  უაზრო და აბსურდულ ნაბიჯებს, ჩვენ არამარტო ბირთვულ, არამედ ზებირთვულ იარაღსაც განვათავსებთ ბელარუსში, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია“, – თქვა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ თუკი მისდამი მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან საფრთხეს არ იგრძნობს, მაშინ ამისი საჭიროებაც აღარ იარსებებს.

ლუკაშენკა თებერვლის ბოლოს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი დასავლეთი გააგრძელებს მასზე თავდასხმას, ის პრეზიდენტის პოსტზე სამუდამოდ დარჩება.

ასევე, ლუკაშენკას თქმით, რომელმაც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსულ-ბელარუსული ერთობლივი წვრთნები დაათვალიერა, რუსი სამხედროების და ტექნიკის ნაწილი შეიძლება ბელარუსში დარჩეს და სწავლების შემდეგ რუსეთში არ დაბრუნდნენ.

ასევე, ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მინსკის სიახლოვეს შეიძლება რუსული უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, S-400-ები განალაგონ. ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ დღეისთვის ბელარუსის არსენალში მყოფი S-300-ები მათთვის საკმარისია, მაგრამ ახალი მოდელების შეძენასაც ფიქრობენ.