თუ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ - კობახიძე

პუბლიკა

ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა, შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.

„აქედან ჩანს, სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.