თუ სამ თვეში სამ მილიონ აცრას გავაკეთებთ, სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ ვაქცინაციის პროცესის სამი სამიზნე სცენარის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უნდა შევეცადოთ, რომ მომდევნო სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, აცრების მაქსიმალური რაოდენობა ჩატარდეს.

„ეს ჩვენ დავყავით სამ სამიზნედ: საუკეთესო და იდეალური იქნება, თუ ჩვენ მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, სამ მილიონს – სამ თვეში, სრულად შევაკავებთ და გადავლახავთ ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს;

შემდეგი სამიზნე არის 800 ათასი აცრა ყოველ თვეში, რომელიც ძალიან კარგი იქნება, მაშინ დღეში უნდა გავაკეთოთ 25-26 ათასი აცრა;

და მესამე, შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თუ ამასაც გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ შედეგებს მივიღებთ, ეს არის 600 ათასი აცრა, ეს ნიშნავს 300 ათასი ადამიანის აცრას ყოველთვიურად“.

მისივე თქმით, მომდევნო სამი თვე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუ გვსურს პანდემიის დასრულება.