პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის, ამიტომ მმართველი გუნდი ოპტიმიზმს ინარჩუნებს.
თუმცა, მისი თქმით, მთავარია ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპარლამენტის რეზოლუციასავით „უსამართლო“ არ იყოს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის. ერთი რომ გვეკუთვნის და მეორე, რომ გვეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად.
ეს არის რეალობა. ეს არის მოცემულობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია, თავისი სხვადასხვა პუნქტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
კობახიძის თქმით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ევროკავშირის კითხვარიც კი უკეთ შეავსო.
„ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა. თვითონ შევსების ხარისხშიც კი, შინაარსზე არაფერს ვამბობთ, ცალკე თემაა. შინაარსობრივად ბევრად წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას ყველა კუთხით, მაგრამ თავად კითხვარის შევსების ხარისხი ბერად უფრო მაღალი იყო ჩვენს შემთხვევაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.