თუ სასამართლომდე მივა საქმე, სიამოვნებით ვიდავებ – შარვაშიძე თავის დისერტაციაში შესაძლო პლაგიატზე

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, რადგან მის დისერტაციაში არსებულ პლაგიატზე აპელირებენ, აუცილებელია, ჩაშლილი სახით წარმოადგინონ, რა დამთხვევები შეადგენდა 34%-ს, რომელზეც იაგო კაჭკაჭიშვილი საუბრობს.

შარვაშიძე ამბობს, რომ დისერტაცია მან თავად ორ პროგრამაში შეამოწმებინა და პლაგიტი არ დადგენილა. დოკუმენტი, რომლის პირდაპირ გადატანაზეც საუბრობენ, საკანონმდებლო აქტია და მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ხოლო ის, რომ სქოლიოში ავტორები მოხსენიებული არაა, მხოლოდ ტექნიკური შეცდომა შეიძლება იყოს.

„Turniitin-ის პროგრამაში გავატარებინეთ ეს დისერტაცია. ჩვენი ვარაუდით, ეს არის დისერტაციის ხელნაწერი, ერთ-ერთი ვერსია 2003 წლის, რომელიც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში.

გავატარებინეთ Turniitin-ში, რომელმაც დაადგინა დამთხვევა 8% და ეს 8% არის ახსნილი, თუ რა დამთხვაა. ამას ხელს აწერს რამდენიმე ექსპერტი, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ.

Turniitin-ის გარდა არსებობს კიდევ ერთი სისტემა – Urkund, რომელშიც მივიღეთ პასუხი, რომ არ დაფიქსირდა პლაგიატი და არც მნიშვნელოვანი დამთხვევაა. 0% წერია Urkund-ში“, – განაცხადა შარვაშიძემ.

https://www.facebook.com/publika.ge/videos/168771354476762/

თსუ-ის რექტორის აზრით, მანიპულაცია იყო იმაზე საუბარიც, რომ დისერტაციაში  გამოიყენა ბროშურა, რადგან საუბარია საკანონმდებლო აქტზე, რომელიც უბრალოდ ბროშურის ფორმით არის გამოცემული. რეალურად კი, საჯარო დოკუმენტია.

„პლაგიატი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ვიღაც არის დაზარალებული. ვიღაცის აზრები ან ინფორმაცია მივითვისე. ვინ არის ეს ხალხი, ვისი უფლებები შეილახა ამ შემთხვევაში? აქ საუბარია დადგენილებაზე და არა ბროშურაზე. აქ არის მანიპულაცია, როდესაც პარლამენტის დადგენილებას ვუწოდებთ ბროშურას. ბროშურის ფორმით არის გამოსული, რაც არის უკვე მაცნეში.

დიახ, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც ვიყავი და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცაღა მითვისება არ მომხდარა. ეს არის საჯარო დოკუმენტი. მე რომც არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ან სხვას გამოეყენებინა, აქ არ იქნებოდა არანაირი პლაგიატი, რადგან საავტორო უფლებები ასეთი სახის დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებზე არ ვრცელდება“, – თქვა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თსუ-ის რექტორი მიიჩნევს, რომ მის დისერტაციაში პლაგიატის ძებნა უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვისკენ არის მიმართული და ეს საკითხის სოციალური ქსელის ნაცვლად აკადემიურ სივრცეში უნდა განიხილებოდეს. გიორგი შარვაშიძის თქმით, მის მიმართ სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ, რასაც მიესალმება, რადგან თავისი პოზიციის სამართლებრივი გზით დამტკიცების საშუალება მიეცემა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

როგორც კაჭკაჭიშვილი წერდა, უნივერსიტეტისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის მოცულობით.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში შესაძლო პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე გადაცემა „თავისუფლების მონიტორმა“ მოამზადა.

სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „თავისუფლების მონიტორმა“ მოიძია დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელს. მასალაში ნათქვამია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში „სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტი, — 40 გვერდი — ოღონდ ისე, რომ წყარო მითითებული არ არის“. აღნიშნულ სიუჟეტში გიორგი შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა.