თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, დანია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რასმუსენი

პუბლიკა

„დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ!”, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ [შესრულებულ] რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – თქვა მან.

მისივე თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“, – განაცხადა მინისტრმა.


14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალურად გახსნის.