„თუ შეხვედრა არ იქნება საჯარო, დიალოგი არ შედგება“ - აქციის მონაწილეები ქუთაისში მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მიდიან

პუბლიკა

მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, გუმათჰესთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ქუთაისში გადაინაცვლებენ, სადაც მოძრაობის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. თუმცა, გოლეთიანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა იყოს საჯარო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი არ შედგება, თუკი საჯაროობისთვის, როგორც მინიმუმ, შეხვედრის ვიდეოჩანაწერი არ გაკეთდება.

„ახლახანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია ვებგვერდით, რომ პრემიერის ბრძანებით ქუთაისში მუნიციპალიტეტის შენობაში მოსულები არიან დეპუტატები და გუბერნატორი ჩვენთან სასაუბროდ.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქ ვართ სულ და არავისთან შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს. ასევე, სასურველი იყო, რომ ცოტა ადრე გაეგებინებინათ და არ გაგვეგო ამ ფორმით. მაგრამ რადგან საპატრიარქოსგანაც მოვისმინეთ მოწოდება მხარეების მისამართით, რომ შედგეს კიდევ ერთხელ დიალოგი. მივესალმებით საპატრიარქოს მოწოდებას და ვაპირებთ, რომ დავიძრათ აქედან და კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ.

გვრჩება ასეთი შთაბეჭდილება – რომ ვერ გაგვეგო ასე შემთხვევით ამ შეხვედრის შესახებ, იტყოდნენ, რომ ჩვენ არ მივედით და ამას მოჰყვებოდა მთელი რიგი სპეკულაციები. ასე მუდამ ერთი და იგივე სცენარს იმეორებენ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არავისთან შეხვედრის პრობლემა.

ამიტომ  ვინც ვართ აქ შეკრებილი საზოგადოება, დავიძრებით, ხალხი დადგება მუნიციპალიტეტის შენობასთან და ჩვენ, წარმომადგენლები შევალთ გადამღები საშუალებით. იმ მიზნით, რომ ამას არ მოჰყვეს კიდევ რაიმე სპეკულაცია თუ რა ითქვა იქ, რაიმეზე ხომ არ შევთანხმდით, მოვრიგდით საზოგადოების გვერდის ავლით.

ჩვენ მათაც ვთხოვთ, რომ მედიისთვისაც გახსნილი იყოს შეხვედრა, ჩვენ არ გვაქვს მედიაზე არანაირი შეზღუდვა და მოხარულები ვიქნებით თუ თქვენც გექნებათ დასწრების საშუალება. სასურველია თუკი მედიაც დაესწრება და იქნება ლაივიც.

მაგრამ ჩვენ ამ შეხვედრას არ დავესწრებით იმ შემთხვევაში, თუკი არ გვექნება რაიმე ფორმით ვიდეოჩანაწერის გაკეთების საშუალება მაინც. თუკი ისინი არ წამოვლენ ამ ტიპის გამჭვირვალობაზე, როცა ამხელა საჯარო ინტერესია, ეს იქნება მათი პრობლემა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გადამღები საშუალების გარეშე შევიდეთ“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.