ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისა და პლებისციტის ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციაზე დეპუტატმა სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, პლებისციტის ჩატარებაზე ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არსებობს და ჯერ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.
სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ამბობს, რომ პლებისციტი ოპოზიციის მოთხოვნა არ უნდა იყოს და რომ ეს იდეა თავსმოხვეულია „ქართული ოცნების“ მხრიდან.
დეპუტატის თქმით, თუკი ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ პლებისციტი საჭიროა, ამ იდეის განხილვა შესაძლებელი იქნება.
საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ განცხადებებში აქამდე პლებისციტის ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.
„პლებისციტთან დაკავშირებით თქვენ კი თქვით, რომ ოპოზიციის მოთხოვნააო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ გავლენიანმა ლიდერმა თქვა, რომ ეს არაა ოპოზიციის მოთხოვნა და თითქოს თავსმოხვეულია ჩვენ მიერ. მათი პოზიცია მკაფიო და გასაგები არაა. თუ დადგებიან და შეთანხმდებიან, რომ პლებისციტი აუცილებელი და საჭიროა და რომ სააკაშვილი ცდებოდა, იტყუებოდა და მას განსხვავებული ხედვები აქვს ვიდრე მისი პარტიის ზოგიერთ წევრს, კი ბატონო, ამაზე ჯერ შეთანხმდნენ და ვილაპარაკოთ. მანამდე პლებისციტზე საუბარი შეუძლებელია. დაუშვათ, პლებისციტმა აჩვენა მათთვის არასასურველი შედეგი – იღებენ ამ შედეგებს ? თუ მერე თავიდან დადგება, რომ ეს პლებისციტი გაყალბდა და უნდა ჩავატაროთ პლებისციტი იმაზე, ვენდობით თუ არა წინა პლებისციტის შედეგებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მან ასევე ისაუბრა შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის დროს შედგენილ 6 პუნქტიან დოკუმენტზე.
„მაგალითად, აქ წერია – პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დიახ, ადგილობრივისთვის მზადება დაწყებულია და იმედია თვითონაც ემზადებიან. რაც შეეხება პოტენციურ ადრეულ არჩევნებს, ამას გულისხმობს ჩვენი წინადადება; შედეგები გადავამოწმოთ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა სუბარმა.