თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივამედში“ - მაჭარაშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის Le Monde-თან ინტერვიუს გამოეხმაურა. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კლინიკა „ვივამედში“ მიუჯდება მას გვერდით.

„რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს. მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული, საზოგადოება დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობით, ქონების მოსპობით, ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და მიუჯდება რეალურად „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეკითხვაზე – რას ნიშნავს, „მიუჯდება სააკაშვილს „ვივამედში“ და ხომ არ არის ეს მუქარა? – მაჭარაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თავის თავზე აიღებს მთელ პასუხისმგებლობას.

„თეორიულად, თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, „მიუჯდება „ვივამედში“ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად როგორც ჩანს, აიღებს მთელ პასუხისმგებლობას, რაც ჩაუდენია პატიმარ სააკაშვილს. ქართულ საზოგადოებას რა დამოკიდებულება გააჩნია სააკაშვილთან დაკავშირებით, კარგად იცით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა მესამე პრეზიდენტის შეწყალებას იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტარები მას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის [სააკაშვილი] უკეთ არის. „მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.